English / ქართული / русский /
თეიმურაზ შენგელიაიური კოზაკი
სოციალური ინჟინერიის როლი ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებაში


ანოტაცია. სტატიაში განხილულია კულტურის ზეგავლენა ეკონომიკის განვითარებაზე, დადგენილია კავშირი სხვადასხვა საზოგადოების ზოგად ღირებულებით ორიენტირებსა და ეკონომიკურ წარმატებებს შორის. წარმოდგენილია სოციალური ინჟინერიის გამოყენების საფუძველზე კულტურის ელემენტების უნივერსალური ჩამონათვალის შექმნისა და გამოყენების შესაძლებლობა საზოგადოების ეკონომიკურ პროგრესში.

საკვანძო სიტყვები: სოციალური ინჟინერია, კულტურა, ფასეულობათა სისტემა, ინსტიტუტები, ქცევის მოდელები. 

შესავალი

საზოგადოებაში გაბატონებული ქცევის მოდელების, არაფორმალური ინსტიტუტების სტრუქტურისა და ღირებულებითი ორიენტაციის გავლენა ეკონომიკურ ცხოვრებაზე დადგენილია კულტურათაშორისი კვლევებით, რომლებმაც დადასტურეს საზოგადოების ზოგად ღირებულებით ორიენტირებსა და ეკონომიკურ წარმატებებს შორის პირდაპირი კავშირის არსებობა [4;5]. ღირებულებებსა და ეკონომიკურ წარმატებებს შორის ურთიერთობის  დადგენასთან ერთად, საჭირო გახდა იმ ქცევის მოდელებისა და კულტურის ელემენტების იდენტიფიცირება, რომლებმაც შეიძლება დააჩქარონ საზოგადოების ეკონომიკური  პროგრესი. თუ არსებობს გარკვეული ქცევითი  მოდელები,  რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკურ კეთილდღეობას,  აუცილებელია მათი  შესწავლა და გამოყენება, რაც მიიღწევა ეკონომიურად  განვითარებული საზოგადოებებიდან ამ კულტურული არქეტიპების გადატანით  განვითარებადში.  

  სოციალური ინჟინერიის გამოყენების საფუძველზე კულტურის ელემენტების უნივერსალური ჩამონათვალის შექმნა და გამოყენება იძლევა საზოგადოების ეკონომიკური პოტენციალის ზრდის, მისი განვითარების დაჩქარების შესაძლებლობას. ამ მიდგომას საფუძველად უდევს სოციალური ინჟინერიის ერთ-ერთი მიდგომა, რომლის მიხედვითაც საზოგადოება აყალიბებს ინდივიდის სხვა ადამიანებთან ურთიერთობის კონკრეტულ მიმართულებებს, რომლებიც პოზიტიურ ზეგავლენას ახდენენ მის ეკონომიკურ წინსვლაზე.   

ინდივიდუალიზმი და იერარქია

კვლევებმა აჩვენა, რომ იერარქიულ (კოლექტივისტურ)  საზოგადოებებში ინოვაციური ტექნოლოგიები  უფრო ნელი ტემპით ვითარდება, ვიდრე ჰორიზონტალურში (ინდივიდუალისტურში). მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ  ინდივიდუალისტური ღირებულებების, ინდივიდის პრიორიტეტის დამკვიდრება  აჩქარებს ინოვაციების განვითარებას [3].  თუ კონტექსტში განვიხილავთ იმ ფასეულობებსა და ნორმებს, რომლებიც დამკვიდრებულია ქართულ საზოგადოებაში, დავინახავთ, რომ იერარქიის და პრიორიტეტის ფასეულობები   არსებით ზეგავლენას ახდენს ინდივიდზე. კვლევის შედეგები (ცხრილი 1) გვიჩვენებს, რომ საქართველოში, ეკონომიკურად წარმატებული დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, ინდივიდები უფრო მეტად ეყრდნობიან სახელმწიფოს. ეს ნიშნავს, რომ  ქართულ საზოგადოებაში კვლავაც  დომინირებს პატერნალისტური დამოკიდებულებები. საქართველოში იერარქიულობაზე ღირებულებითი ორიენტაცია ჯერ კიდევ  მნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად, რომ ადმინისტრაციული მართვა შეიცვალა დემოკრატიული ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ოფიციალური ინსტიტუტებით.  ამ მოვლენის ახსნა შესაძლებელია იმით,  რომ არაფორმალური ინსტიტუტები, ტრადიციები, კულტურული  არქეტიპები და ქცევის ნიმუშები საზოგადოებაში უფრო ნელა იცვლება, ვიდრე  ფორმალური.    

                                                         ცხრილი 1

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მოსახლეობის კეთილდღეობაზე(%-ში)

 

საქართველო

გერმანია

ჰოლანდია

შვედეთი

აშშ

ავსტრალია

სახელმწიფოს უნდა დაეკისროს მეტი პასუხისმგებლობა ინდივიდების კეთილდღეობაზე 

41,9

12

4,8

7,7

8,5

11,5

ინდივიდებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა თავიანთ კეთილდღეობაზე

4

5,5

2,4

7

18,2

10,4

 წყარო: შედგენილია (World Values Survey) http://www.worldvaluessurvey.org და ავტორის ინდივიდუალური კვლევების მიხედვით

არაფორმალური ინსტიტუტების ფორმალურთან შეუსაბამობა არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებიდან  გადმოტანილი ფორმალური ინსტიტუტები ყოველთვის არ იწვევს ეკონომიკური კეთილდღეობისა და  ზრდის დაჩქარებას.

ქართულ საზოგადოებაში ინდივიდუალისტური ფასეულობების     დაბალ დონეზე  მეტყველებს კვლევის  შედეგები, რომლითაც დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საკუთარი ცხოვრების კონტროლის უფრო დაბალი  შეგრძნება, ვიდრე ეს ეკონომიკურად განვითარებულ დასავლეთის ქვეყნებშია   (ცხრილი 2).

  ცხრილი №2

არჩევანის თავისუფლება და საკუთარი ცხოვრების კონტროლი (%-ში)

 

საქართველო

გერმანია

ჰოლანდია

შვედეთი

აშშ

ავსტრალია

არ არსებობს არჩევანის თავისუფლება

და ცხოვრების კონტროლი

შეზღუდულია

 

3,6

 

1,6

 

0,5

 

0,3

 

0,5

 

0,8

არსებობს არჩევანის

თავისუფლება და ცხოვრების კონტროლის სრული შესაძლებლობა

6,4

13,2

12,1

20,4

18,4

20,4

წყარო: შედგენილია (World Values Survey) http://www.worldvaluessurvey.org და ავტორის ინდივიდუალური კვლევების მიხედვით

       გ. ჰოფსტედის მეთოდით ჩატარებულმა კვლევებმა ასევე   დაადასტურება, რომ ქართული საზოგადოების სოციოკულტურულ პროფილში არსებობს ძლიერი დამოკიდებულება იერარქიული ფასეულობების მიმართ და აგრეთვე საზოგადოების პრიორიტეტი ინდივიდზე. ქვემოთ მოყვანილ ნახატში  კარგად ჩანს, რომ  ქართველებს ახასიათებთ ძალაუფლების მაღალი მანძილი და  შედარებით დაბალი  ინდივიდუალიზმი (ნახატი 1).  

                                                                                           ნახატი 1

კულტურული მახასიათებლების კვლევა გ. ჰოფსტედის მეთოდით

 

 

წყარო: Hofstede G. Country comparison. URL: https://geerthofstede.com/countries.html  

        

ამრიგად, საქართველოს კულტურულ ფასეულობათა ჩარჩო ხასიათდება საზოგადოებრივი ინტერესების პრიმატით  ინდივიდუალურ მიდგომებზე და იერარქიული სტრუქტურის პრიორიტეტით. აუცილებელია დავადგინოთ ის, თუ რამდენად  მნიშვნელოვანია სოციალური ინჟინერიის მექანიზმის ამოქმედება  ეკონომიკურად არაეფექტიანი ფასეულობების ტვირთის  შესამცირებლად. 

თვითგამოხატვა, როგორც პოსტმატერიალური ფასეულობა

 კულტურული მახასიათებლები გავლენას ახდენ  ინდივიდების ეკონომიკურ ქცევაზე და რადგანაც არსებობს სხვადასხვა კულტურა, იარსებებს სოციუმის სამყაროსთან ურთიერთქმედების სხვადასხვა სტრატეგია. კულტურული სპეციფიკა განისაზღვრება ადამიანის მიერ დასახული მიზნების თავისებურებებით. სხვადასხვა კულტურებში არსებობს ამ მიზნების მიღწევის განსხვავებული მეთოდები. თუ იერარქიულ საზოგადოებაში მთავარი მიზანი არის სახელმწიფოსთან სიახლოვე, რადგანაც ის ახდენს რესურსების კონცენტრაციას და მათ განაწილებას. ჰორიზონტალურ საზოგადოებაში პრიორიტეტულია საკუთარი ცოდნისა და ნიჭის რეალიზაცია, რომელიც ტრანსფორმირდება საზოგადოებრივ სიკეთეებში.  დემოკრატიულობისა და ინდივიდუალიზმის მაღალი ხარისხი იძლევა თვითრეალიზაციის საშუალებას, რაც ადამიანში ყალიბდება   ბავშვობის ასაკიდან. მე-3 ცხრილში კარგად ჩანს, ზოგიერთ ქვეყანაში რა პრიორიტეტი ენიჭება ბავშვებში  ცალკეული თვისების განვითარებას.  როგორც კვლევის შედეგებით დადგინდა,  ქართველებში  ბავშვობიდან მნიშვნელოვნია ისეთი თვისების  ჩამოყალიბება, როგორიც მორჩილებაა (ცხრილი 4).

                                                                                          ცხრილი 4

„მორჩილების“ მნიშვნელობა ბავშვის აღზრდაში

 

საქართველო

გერმანია

ჰოლანდია

შვედეთი

აშშ

ავსტრალია

მორჩილება

არის მნიშვნელოვანი

34,8

12,6

26,6

12,2

27,9

28,2

მორჩილება არ არის

მნიშვნელოვანი

64,6

87,4

74,4

87,8

72,1

71,8

წყარო: შედგენილია (World Values Survey) http://www.worldvaluessurvey.org და ავტორის ინდივიდუალური კვლევების მიხედვით

 ჰორიზონტალური (ინდივიდუალისტური) სოციალური სისტემისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება არა იერარქიაში ინტეგრაციის, არამედ ინოვაციურობისადმი მიდრეკილების შესაძლებლობის არსებობა. ინდივიდუალიზმის პირობებში ადამიანისთვის მაქსიმალურად ფართოვდება საკუთარი ნიჭისა და ცოდნის გამოყენების შესაძლებლობები. ცხადია ისიც, რომ   ინდივიდის ორიენტაცია ინოვაციებზე, მნიშვნელოვანია ეკონომიკური სისტემის განვითარებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თვითგამოხატვაზე, კრეატიულობასა და ორიგინალობაზე ორიენტაცია საზოგადოებისთვის ეკონომიკურად მნიშვნელოვანია.

ქვეყნები, სადაც დომინირებს ინდივიდუალისტური ფასეულობები,  ქცევის ამ მოდელისაგან იღებენ დამატებით ეკონომიკურ სარგებელს. ეს შესაძლებელია იმ ინკლუზიური ინსტიტუტებით [7], რომლებიც ხელს უწყობენ ინდივიდუალურ საქმიანობას,  აფართოებენ იმ სივრცეს, რომელშიც ადამიანს შეუძლია გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები (მათ შორის, ტრადიციების, ზნეობის ნორმების გათვალისწინებით) და თვითრეალიზაციის პროცესის განვითარებით, რაც ეწინააღმდეგება  საზოგადოებაში კონსერვატიული ტენდენციების განვითარებას. თვითგამოხატვაზე ორიენტაცია არის მაღალი ცხოვრების დონის შედეგი და წარმოადგენს პოსტმატერიალურ ფასეულობას [9].   

კულტურული არქეტიპები, როგორც განვითარების რესურსი

 

ინოვაციური პროდუქტის შექმნის პროცესში  ინდივიდუალიზმის პრიორიტეტი კოლექტივიზმზე დადასტურებულია. რიგი მეცნიერების  [მ. ტეილორი და ს. ვილსონი] კვლევებით [6] დასაბუთებულია, რომ კოლექტივიზმის ზოგიერთ ფორმას აქვს მასტიმულირებელი გავლენა ინოვაციურ განვითარებაზე. ასეთ ფორმებში ისინი გულისხმობენ  პატრიოტიზმსა და ნაციონალიზმს.  საზოგადოებად რომელმაც,  იერარქიულობის მიუხედავად, წარმატებებს მიაღწია ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში, მათ მიაჩნიათ იაპონია.   

საზოგადოებისა და ინსტიტუტების ფასეულობები ურთიერთდაკავშირებულია [8]. საზოგადოებაში ინსტიტუტის წარმატება აძლიერებს კულტურულ ფასეულობებს,  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინსტიტუტის ელიტარიზმი არის   საზოგადოების მიერ მისი ფასეულობების გაზიარების შედეგი.  შესაბამისად, საზოგადოებაში წარმატებულია ის ინსტიტუტები, რომლებიც მის კულტურულ ფასეულობებს შეესაბამება. ამდენად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არა დასავლეთის ფასეულობებისა და ინსტიტუტების (როგორც ფორმალურის, ასევე არაფორმალურის) ბრმა კოპირება, არამედ საკუთარი ფასეულობების მისადაგება ამ  ინსტიტუტებისადმი.  

დასკვნა

კვლევებმა აჩვენა, რომ იერარქიულ (კოლექტივისტურ)  საზოგადოებებში ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება გაცილებით დაბალ დონეზეა, ვიდრე ჰორიზონტალურში (ინდივიდუალისტურში). თუ ამ მიდგომის  კონტექსტში განვიხილავთ იმ ფასეულობებსა და ნორმებს, რომლებიც გავრცელებულია ქართულ საზოგადოებაში, დავინახავთ, რომ  საქართველოში იერარქიის და პრიორიტეტის საზოგადოებრივი ფასეულობები არსებით ზეგავლენას ახდენს ინდივიდზე. იერარქიულ საზოგადოებაში მთავარი მიზანი არის სახელმწიფოსთან სიახლოვე, რადგანაც ის ახდენს რესურსების კონცენტრაციას და მათ განაწილებას. ჰორიზონტალურში კი  საკუთარი ცოდნისა და ნიჭის რეალიზაცია, რომელიც ტრანსფორმირდება საზოგადოებრივ სიკეთეებში. მიუხედავად ამისა, კოლექტივიზმის ზოგიერთ ფორმას აქვს მასტიმულირებელი გავლენა ინოვაციურ განვითარებაზე. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არა დასავლეთის ფასეულობებისა და ინსტიტუტების (როგორც ფორმალურის, ასევე არაფორმალურის ბრმა კოპირება) არამედ საკუთარი ფასეულობების მისადაგება ამ  ინსტიტუტებისადმი.  

გამოყენებული ლიტერატურა 

1. Инглхарт Р. (1997). Постмодерн: меняющиеся ценности и изменяющиеся общества // Психология. ЖурналВысшейшколыэкономики.№ 4. С. 6–32.

2. Guiso L., Sapienza P., Zingales L. Does Culture Affect Economic Outcome // Journal of Economic Prospective. —2006. Vol. 20. № 2.

3. Henrich J. 2000 Does Culture Matter  in Economic  Behavior? Ultimatum  Game Bargaining among the Machiguenga  of the Peruvian  Amazon // American Economic Review. — 2000. — Vol. 90. — № 4.

4. Shane S. 1992  Why do some societies invent more than others? /Journal of BusinessVenturing. Vol. 7. — P. 29–46.

5. Taylor M., Wilson S. 2012 Does culture still matter? The effects of individualism on national  innovation  rates // Journal  of Business Venturing. —   Vol. 27. — P. 234–247.

6.World Values Survey.2010–2014.URL:  http://www.worldvaluessurvey.org

7. Shengelia T.  2018 Influence of Cultural Determinants on the Process of  Business Innovations Management - Ecoforum Journal, Vol. 7.  Issue  1,  P. 48.

8. Shengelia T.  2016 Generation of Knowledge Into  Conception of Cultural Pragmatizm and its Influence on International Business. Ecoforum Journal, Vol. 5.  Issue  2,  P. 34.